იმკურნალეთ კბილებზე სრულიად უფასოდ

იმკურნალეთ კბილებზე სრულიად უფასოდ

“დენტალმედი”-ს კლინიკური ხელმძღვანელი მადონა ქურციკიძე და ექიმი-ტერაპევტი ქეთი სიყმაშვილი გაზეთისთვის “ასავალ-დასავალი” მიცემულ ინტერვიუში ტრადიციისამებრ ყვებიან მტავალ საინტერესო და სასრგებლოს თქვენი პირის ღრუს ჯანმრთელობის შესახებ.

კბილის ტკივილისგან არავინ არის დაზღვეული, თუმცა სტომატოლოგის მომსახურება იმდენად ძვირადღირებულია, რომ ხშირად საშუალო შეძლების მოქალაქეებსაც სრულყოფილ მკურნალობაზე ხელი არ მიუწვდებათ. რა იღონონ პენსიონერებმა და უმწეოთა პროგრამის ფარგლებში მყოფმა ღარიბებმა, ვისაც კბილის სამკურნალოდ კი არა, ელემენტარული საკვების შესაძენადაც არ ჰყოფნით სახსრები? სტომატოლოგიური ცენტრის – “დენტალ-მედის” კლინიკურმა ხელმძღვანელმა მადონა ქურციკიძემ ეს პრობლემა ორიგინალურად გადაჭრა, რის შედეგადაც უპოვარ მოსახლეობას სრულიად უფასოდ, ამასთან – ხარისხიანად ემსახურება:

– კბილის მკურნალობის პროცესში გამოყენებული მასალების ხარისხის შესაბამისად, სტომატოლოგის მომსახურება სხვადასხვა ფასი ჯდება. პაციენტს შეუძლია გააკეთოს არჩევანი მინიმალურ და და საშუალო ღირებულებას შორის, მაგრამ ხელმოკლეობის გამო პაციენტების დიდი ნაწილი ამ მინიმალურსაც კი ვერ წვდება. მაგალითად, პენსიონერს, რომელსაც 150 ლარი აქვს შემოსავალი, რა თქმა უნდა, კარიესის სამკურნალოდ 30 ლარის გადახდაც გაუჭირდება. ჩვენს სტომატოლოგიურ კლინიკას ხელშეკრულება “არდი ჯგუფთან” აქვს გაფორმებული, რადგან ეს სადაზღვევო კომპანია გახლავთ ერთადერთი, რომელიც პაციენტს არჩევანის უფლებას აძლევს, თუ სად და რა სახის მკურნალობა ჩაიტაროს. სხვა კომპანიები კი, პაციენტს იძულებულს ხდიან, მხოლოდ მათ მიერ განსზღვრულ კლინიკებში იმკურნალონ. სამწუხაროდ, სტომატოლოგიაში არ მოქმედებს სახელმწიფო დაზღვევა, ხოლო კერძო სახის დაზღვევები ხელმოკლე პაციენტებისთვის მიუწვდომელია.

– რა ქნას სტომატოლოგმა, თუ მას ხელმოკლე პაციენტი ესტუმრება?

– იქმნება ფრიად უხერხული სიტუაცია, რადგან სტომატოლოგს ექიმის ფიცი აქვს დადებული, მის წინ კი დგას ადამიანი, რომელიც ტკივილით იტანჯება და შველას ითხოვს. უკან ასეთი პაციენტის გაშვება დაუშვებელია, მაგრამ განა რამდენს გაწვდება ექიმი? არადა, სულ ელემენტარული პროცედურა, პირველადი დახმარება რომ ჩაატაროს, მარტო ტკივილის შეგრძნება რომ მოუხსნას, დაზიანებული ნერვი ამოუღოს, სტომატოლოგმა უნდა გახსნას გასტერილებული სამუშაო ხელსაწყოების პაკეტი. სულ მინიმალური თანხა, 10 ლარი რომ გადაიხადოს ხელმოკლე მოქალაქემ, მხოლოდ ხელსაწყოების გასტერილების თვითღირებულებას დაფარავს. ალბათ, ამ მხრივ, სახელმწიფოს მართებს გარკვეული ინსტიტუტის შექმნა, რომ გადაუდებელ ჩარევათა ნუსხაში ისეთი შემთხვევები მაინც შეიყვანოს, რომლებიც დაუყოვნებელ, თანაც რთულ ქირირგიულ მანიპულაციას საჭიროებენ, მაგრამ არც ამაშია გამოსავალი, რადგან თუ ხელმოკლე პაციენტი კბილებს კი არ უმკურნალებს, არამედ, მიყოლებით დაიძრობს, მალე უკვე სხვა პრობლემების წინაშე აღმოჩნდება მისი ჯანმრთელობა. ეს საკითხი მოსაწესრიგებელია.

– ვიდრე სახელმწიფო ამისთვის მოიცლის, ადამიანებს კბილები იქამდეც ასტკივდებათ. თქვენს ცენტრში როგორ გადაჭერით ხელმოკლე პაციენტების პრობლემა?

– უმაღლესი სამედიცინო განათლების მიღების შემდეგ, ყველა ექიმი, რომელიც მუშაობის ლიცენზიას მოიპოვებს, აუცილებლად უნდა გაიარაოს რეზიდენტურა, რომელიც გულისხმობს თეორიული ცოდნის გაღრმავებას და პრაქტიკული ჩვევების გამომუშავებას. რეზიდენტი პრაქტიკოსი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ნელ-ნელა ოსტატდება. მას კურატორი თავზე ადგას და კარნახობს, თუ როგორ შეასრულოს სამუშაო, პარალელურ რეჟიმში ასწავლის მას. შეიძლება ითქვას, რომ რეზიდენტი თითქმის უკვე ექიმია, რომელიც სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ პირველ ეტაპზე კურატორის მეთვალყურეობით ასრულებს მანიპულაციებს, თუმცა პაციენტმა აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ იგი ჯერჯერობით, ლიცენზირებული არ არის. თუ პედაგოგი შეამჩნევს, რომ რეზიდენტი შეცდომას უშვებს, მას დაუყოვნებლივ ჩაენაცვლება და საქმეს ბოლომდე უხინჯოდ მიიყვანს. ჩვენს ცენტრში ხელმოკლე პაციენტებს გამოცდილი ექიმების მეთვალყურეობით ნიჭიერი რეზიდენტები ემსახურებიან. ეს მომსახურება სრულიად უფასოა!

– მაგრამ რამდენად ხარისხიანია მათი ჩატარებული მანიპულაცია?

– მერწმუნეთ, რიგ შემთხვევებში რეზიდენტების მიერ გაწეული მომსახურეობა ხშირად, გაცილებით უფრო ხარისხიანია, ვიდრე ნამდვილი ექიმისა, რადგან რეზიდენტები თითოეულ ნიუანსს ზუსტი თანმიმდევრობით, განსაკუთრებული ყურადღებით და მონდომებით ასრულებენ! ამასთან უნდა გითხრათ, რომ მასალაბენი, რომლითაც რეზიდენტები მუშაობენ, უმაღლესი ხარისხის გახლავთ, რადგან ასეთით გაცილებით ადვილია მუშაობა. ჩვენს კლინიკაში რეზიდენტებთან არა მხოლოდ პენსიონერები, სხვა შეჭირვებული ფენის წარმომადგენელი მოქალაქეები, მათ შორის, ახალგაზრდებიც დაიარებიან, რომლებიც სრულიად უფასოდ, საუკეთესო მასალით და ხელსაწყოებით მაღალი ხარისხის მკურნალობას იტარებენ. ეს მაშინ, როცა ანალოგიური მასალით ერთი კბილის დაბჟენა პაციენტს 150 ლარამდეც შეიძლება დაუჯდეს! რეზიდენტთან ნამკურნალევი კბილს შეიძლება ჰქონდეს უმნიშვნელო ვიზუალური ხარვეზი, მაგრამ ფუნქციური და ხარისხის თვალსაზრისით, პაციენტი აუცილებლად კმაყოფილი დარჩება!

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომლის მცირეწლოვან შვილს კბილი აწუხებს? ბავშვების უმეტსობა ბორმანქანის დანახვაზე ისტერიკაში ვარდება. “დენტალ-მედის” თერაპევტ-სტომატოლოგთან, ქეთი სიყმაშვილთან კი, მოზარდი პაციენტები ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე სხდებიან. რა სპეციფიური მიდგომა მოეთხოვება სტომატოლოგს, რომელიც ბავშვებს მკურნალობს? ამის შესახებ თავად ქეთი სიყმაშვილი გვიამბობს:

– სტომატოლოგისთვის ბავშვთან მუშაობა განსაკუთრებულ სირთულეებს უკავშირდება. სპეციფიურობის გათვალისწინებით, ყოველ დიდ სტომატოლოგიურ ცენტრში აუცილებლად არსებობს ბავშვთა განყოფილება. ამჟამინდელი სტანდარტებით, გარკვეული წესების დაცვა, ვიდრე შვილებს სტრომატოლოგთან მიიყვანენ – მშობლებსაც მოეთხოვებათ!

– კონკრეტულად, რა მოეთხოვება მშობელს და რა – სტომატოლოგს?

– იშვიათად, მოზარდს დასჯის მიზნით სტომატოლოგით აშინებენ, კბილის გაბურღვით ემუქრებიან. ეს რომ დაუშვებელია, ყოველმა შეგნებულმა მშობელმა იცის, მაგრამ ბავშვს ვიდრე სტომატოლოგთან სამკურნალოდ მიიყვანენ, წინასწარი შემზადება სჭირდება, რაც იმაში გამოიხატება რომ შეშინების გარეშე შვილს მიაწოდონ ინფორმაცია, თუ რა მიზნით უნდა მიიყვანონ ექიმთან და შეაგუონ უსიამოვნო პროცედურას, რომელიც იქ ელოდება. ამ მიზნით, ვიდრე სტომატოლოგის სავარძელში დასვამენ, ბავშვი რამდენჯერმე უნდა მიიყვანონ კლინიკაში, აყურებინონ სხვა ბავშვების მკურნალობის პროცესი, შეაჩვიონ ბორმანქანის ხმას, დააინტერესონ სამედიცინო ინსტრუმენტებით, რომლითაც მკურნალობა მოუწევს. ამისთვის კლინიკებში აქვთ სპეციალური, სათამაშო ბუნიკები. ამას გარდა, პატარა ბავშვებს წახალისებაც სჭირდებათ, რაც კარგად მოქცევის შემთხვევაში საჩუქრების მიცემაში გამოიხატება. მთავარია, რომ მკურნალობის შესახებ გადაწყვიტელება მიიღოს ერთდროულად სამმა სუბიექტმა – ექიმმა, მშობელმა და თვით ბავშვმა. თუ ბავშვს აუტისტური მიდრეკილებები აქვს, ფსიქოლოგი და ქცევის თერაპევტიც უნდა ჩაერთოს. ამის შემდეგ ბავშვი სამკურნალოდ თამამად დაჯდება. კაბინეტში, სადაც ბავშვი მკურნალობს, უნდა მრავლად იყოს სათამაშოები, რათა მოზარდის ყურადღება მათზე გადავიტანოთ. მიზანშეწონილია მონიტორებზე გასართობი ვიდეორგოლების და მულტფილმების გაშვება და სასიამოვნო მუსიკის ფონზე ბავშვის ამგვარად შექცევა.

 

– ბავშვთა ასაკში ანესთეზია რა სახით არის რეკომენდებული?

– თუ პაციენტი იძლევა ამის საშუალებას, სჯობს, მხოლოდ ადგილობრივი ანესთეზიით შემოვიფარგლოთ. უკიდურეს შემთხვევაში კი, ნორჩ პაციენტებს “მამხიარულებელი აირით” აძინებენ ხოლმე, რაც მართვით სუნთქვაზე გადაყვანას არ გულისხმობს.

– რა ასაკიდან უნდა იზრუნოს მშობელმა შვილის პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის?

– სტომატოლოგისგან კონსულტაციები მშობელმა მანამდე უნდა მიიღოს, ვიდრე ჩვილს პირველი კბილები ამოეჭრება. დაბადებისთანავე ჩვილს პირის ღრუში აქვს კონკრეტული მიკროფლორა, რომელიც უნდა კონტროლდებოდეს ექიმის მიერ, რაც მომავალში ჯანსაღი კბილების ამოსვლის წინაპირობაა. პათოლოგიური მიკროფლორა პირის ღრუში ჩნდება პირველი ჩასუნთქვისთანავე, ასევე საკვების მიღებისას ან საწოვარათი სარგებლობის შედეგად. პირის ღუში გვხვდებიან საპროფიტები, რომლებიც ხელსაყრელ პირობებში აღმოჩენისთანავე პათოლოგიურ მიკროფლორად გადაქცევა ახასიათებთ. საპროფიტები მიკროორგანიზმებია, რომლებიც ჩვილის პირის ღრუში არსებული საკვების ნარჩენებით იკვებებიან. ადრე მათ გასანეიტრალებლად, ბავშვს ჩვილს პირის ღრუს გადადუღებული წყლით ურეცხავდნენ, ახლა არსებობს სპეციალური ხელსახოცები, რომლითაც საკვების მიღებიდან ნახევარ საათში ხდება გამოწმენდა.

– სტომატოლოგთან ბავშვის კონტაქტი რა ასაკიდან უნდა დაიწყოს?

– პირველი კბილების ამოჭრა 6-8 თვის ასაკში იწყება და საჭირო ხდება თითოეული ახლად ამოჭრილი კბილის ზედაპირის დამუშავება, რისთვისაც სპეციალური რბილი, მცირე ზომის კბილის ჯაგრისი გამოიყენება. ბავშვის ჯანმრთელი სარძევე კბილები მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისთვის რომ მომავალში ჯანსაღი მუდმივი ჩანასახი განუვითარდება და ჯანმრთელი კბილები ექნება. 9 თვის ასაკში ჩვილი აუცილებლად სტომატოლოგს უნდა მივუყვანთ, რათა დავაზღვიოთ კანდიდოზის, სტომატიტის და პათოლოგიური მიკროფლორით გამოწვეული სხვა ინფექციებისგან. შემდეგ კი, სტომატოლოგი პერიოდულად უნდა აკვირდებოდეს კბილების ამოჭრის და ზრდის პროცესს. 12 თვის ასაკში სტომატოლოგი უკვე მინანქარს აკვირდება და იკვლევს, ხომ არ არის სახეზე კარიესული დაზიანებები ან მინანქრის დემინერალიზაცია. 6 წლის ასაკში კი, უკვე მუდმივი კბილები იწყებს ამოსვლას, სარძევე და მუდმივი კბილები ერთად არიან და სტომატოლოგის განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში, 9-10 წლის ასაკში შეიძლება მუდმივი კბილების ისეთი დაზიანებები განვითარდეს, რომლის აღმოფხვრა განსაკუთრებით რთული იქნება. ბავშვი ადრეული ასაკიდან უნდა მიეჩვიოს სწორად კვებას – მიიღოს ვიტამინებით მდიდარი საკვები, განსაკუთრებით, ბოსტნეული. უნდა განემარტოს, რომ ნახშირწყლებით მდიდარი საკვები მისი კბილებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. აუცილებლად ჩვევად უნდა ჩამოვუყალიბოთ პირის ღრუს ჰიგიენის დამოუკიდებლად დაცვა და ვასწავლოთ კბილების სწორად გახეხვა. რაც მოზრდილობაში ჯანმრთელი კბილების წინაპირობა იქნება.

ესაუბრა ზაზა დავითაია

DentalMedi

სტომატოლოგიური ცენტრი “დენტალმედი” გამოცდილი და სერტიფიცირებული სპეციალისტებით დაკომპლექტებული სტომატოლოგიური დაწესებულებაა! უმაღლესი სტანდარტი ჩვენს კლინიკაში პრიორიტეტულია, ამიტომ აპარატურას, მასალას, პრეპარატებს და კვალიფიციურ კადრებს ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება ექცევა!
ნავიგაციის დამალვა