კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობა უდავოდ დაკავშირებულია პირის ღრუს ჰიგიენასთან. სტომატოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკის ერთერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია კბილების, ღრძილების და ლორწოვანი გარსის სწორი წმენდა, სავლებების და კბილის ძაფების (ფლოსების) გამოყენება.

კბილების დაზიანება და დაკარგვა ასაკთან ერთად გარდაუვალია. ამიტომ ბევრი არ აქცევს ყურადღებას იქამდე, სანამ კბილის ტკივილი არ გახდის იძულებულს მიმართოს სტომატოლოგს. თუმცა შესაძლებელია კბილის დაავადებების მკვეთრად შემცირება კბილების და ღრძილების მოვლის ძირითადი წესების დაცვით.

კბილების მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ სტომატოლოგი უნდა ურჩევდეს პაციენტს, მისი პირის ღრუს მდგომარეობის გათვალისწინებით, კბილის გაწმენდის ამა თუ იმ მეთოდს. თუმცა, არსებობს კბილების გასუფთავების, როგორც ჰიგინური ღონისძიების ჩატარების, სტანდარტული მეთოდები. მათი მიზანია არა მხოლოდ კბილის ზედაპირის გაწმენდა, არამედ ნადების მოცილება კბილებსშორისი არეებიდან, ღრძილების მასაჟი.

პირის ღრუს სწორი მოვლა ხელს უშლის ბაქტერიების წარმოქმნას. ბაქტერიული ნადები არის კარიესული ღრუების წარმოქმნის და ღრძილების ანთების ძირითადი მიზეზი. კბილის ნადების ხელსაყრელი მიდამო არის კბილთაშუა ნაპრალები, კბილის ყელის მიდამო და საღეჭი ზედაპირები. სწორედ ამ ადგილებს უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება.

გახსოვდეთ, რომ კბილის გაწმენდის პროცესში გარდა კბილის ჯაგრისისა, უნდა გამოიყენოთ სპეციალური ძაფებიც – ე.წ. ფლოსები, რომელთა საშუალებითაც იწმინდება კბილთაშორისი არეები.

კბილების გაწმენდის ეს ორი საშუალება – ჯაგრისი და ფლოსი ერთმანეთს ავსებენ და ისინი ყოველდღიურად უნდა იქნას გამოყენებული.

სახლის პირობებში ჰიგიენის დაცვასთან ერთად, საჭიროა სტომატოლოგის მიერ ჩატარებული კბილების პროფესიული წმენდა, რომელიც მოიცავს კბილების გაწმენას ქვების, რბილი, მაგარი და პიგმენტური ნადებისგან.

პროფესიული წმენდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია პირის ღრუს დაავადებების პროფილაქტიკაში, რომელიც ყოველ 6 თვეში ერთხელ უნდა ჩაიტაროთ.

ნავიგაციის დამალვა