თერაპიული სტომატოლოგია გულისხმობს კარიესისა (კბილის მაგარი ქსოვილის დაზიანება; დაშლა) და მისი გართულებების – პულპიტისა (ნერვის ანთება) და პერიოდონტიტის (კბილის ირგვლივი ქსოვილის ანთება) მკურნალობას.

კარიესი – პათოლოგიური პროცესი, რომელიც ვითარდება კბილის ამოჭრის შემდეგ.

კარიესის დროს მიმდინარეობს კბილის მაგარი ქსოვილების დემინერალიზაცია და დარბილება, რასაც მოგვიანებით მოჰყვება კარიესული დეფექტის წარმოქმნა ღრუს სახით.

პულპიტი – პულპის (ნერვი) ანთება. უმეტესად იწვევს ინფექცია, რომელიც აღწევს პულპამდე კბილის კარიესის პროგრესული განვითარებისას, შეიძლება გამოიწვიოს ტრავმამ (მაგ: გვირგვინის გადატეხვამ პულპასთან ახლოს), ქიმიურმა გამღიზიანებელმა (მჟავები, ფორმალინი) და სხვა.

პულპიტი უფრო ხშირად მწვავედ მიმდინარეობს. პულპიტის ძირითადი ნიშანია კბილის შეტევითი ხასიათის ძლიერი ტკივილი, თუ არ ჩატარდა დროული მკურნალობა, შეიძლება განვითარდეს პერიოდონტიტი.

პერიოდონტიტი – პერიოდონტის ქსოვილის ანთებაა, რომელიც ვრცელდება არა მარტო კბილის, არამედ ფესვის ირგვლივ არსებულ ძვლოვან ქსოვილებზეც.

პულპიტებისა და პერიოდონტიტების მკურნალობა კი ხშირ შემთხვევაში გულისხმობს ფესვის არხის მკურნალობას (ენდოდონტია).

როდესაც კარიესი მნიშვნელოვნად აზიანებს კბილს და შესაბამისად, პულპის ქსოვილს, იგი ხდება ანთებითი. ხშირ შემთხვევაში პაციენტი განიცდის კბილის ტკივილს. უყურადღებობისას პროცესი შეუქცევადი ხდება, პულპა კვდება და ზიანდება ირგვლივ მდებარე ყბის ძვალი, რაც გამოიხატება ძვლის ანთებით და ყალიბდება აბსცესი. ამ შემთხვევაში აუცილებელია დროულად მოცილდეს პულპური ქსოვილი რათა მოხდეს კბილისა და მის ირგვლივ არსებული ძვლოვანი ქსოვილის შენარჩუნება.

როგორ ხდება ფესვის არხის მკურნალობა ანთების დროს. მოკლედ გაგაცნობთ მკურნალობის ეტაპებს.

სტომატოლოგი რენტგენის სურათის ან ვიზიოგრაფის საშუალებით იკვლევს კბილს, შემდეგ ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ, იზოლირებულ პირის ღრუში ექიმი იწყებს კბილის მკურნალობას. ენდოდონტიური ინსტრუმენტების მეშვეობით ხდება ფესვის არხის გასუფთავება, ფორმირება და სპეციალური მასალით შევსება.

ბოლოს კბილის გვირგვინოვანი ნაწილის აღდგენა ხდება რესტავრაციული სამუშაოებით, ან ორთოპედიული გვირგვინებით. მკურნალობის ბოლოს უნდა მოხდეს კბილის გადამოწმება რენტგენის სურათით,რომ გავიგოთ როგორი მდგომარეობაა ფესვის მწვერვალის ირგვლივ მდებარე ქსოვილებში, ბოლომდე სწორადაა თუ არა დაბჟენილი ფესვების არხები.

სწორად ნამკურნალები კბილი საიმედოა და აღარ საჭიროებს დამატებით პროცედურებს. იმ შემთხვევაში თუ ექიმმა ვერ მოახერხა ფესვის არხის გასუფთავება, დეზინფექცია და სწორი ჰერმეტიზაცია (შევსება), შეიძლება საჭირო გახდეს განმეორებითი,გრძელვადიანი მკურნალობა, ან ბოლოს დაკარგოთ კბილი.

ჩვენი გუნდის მიზანია კბილის სხვადასხვა დაზიანებისა და დაავადების დროული დიაგნოსტიკა და სწორი მკურნალობა.

 

ნავიგაციის დამალვა