სიბერემდე შევინარჩუნოთ კბილები

სიბერემდე შევინარჩუნოთ კბილები

გთვავაზობთ ჩვენი კლინიკის ექიმი-თერაპევტის ქეთი სიყმაშვილის ინტერვიუს გაზეთისთვის “ასავალ-დასავალი”, რომელშიც გაეცნობით მრავალ სასარგებლო ინფორმაციას კბილების მოვლის, შენარჩუნებისა და დროული მკურნალობის შესახებ!

კბილის გაუსაძლისმა ტკივილმა ისეთ უდროო დროს შემაწუხა, რომ უბნის მახლობლად სტომატოლოგიური პოლიკლინიკა მომატარა.ახალი წლის შემობრძანებამდე რამდენიმე საათი რჩებოდა და ყველა დაკეტილი აღმოჩნდა! ბოლოს, ჩემდა გასახარად, ყაზბეგის 35-ში მდებარე სტომატოლოგიურ ცენტრ “დენტალ-მედს”მივადექი. ახალგაზრდა ექიმმა ტკივილი უმალ გამიყუჩა და როცა შეიტყო, ჟურნალისტი ვიყავი, არც ინტერვიუზე დამზარდა. თურმე, პირის რრუს ჰიგიენის სტანდარტები მუდმივად იცვლება და ფართო საზოგადოებამ არ იცის, როგორ უნდა მოუაროს, რათა სიბერემდე შეინარჩუნოს კბილები. რა კრიტერიუმით შევარჩიოთ კბილის ჯაგრისი და პასტა, როგორ და დღეში რამდენჯერ გავიხეხოთ კბილები და როდის მივაკითხოთ ექიმს? ვესაუბრებით სტომატოლოგ-თერაპევტ ქეთი სიყმაშვილს:

– დენტალ-მედში პაციენტს შეუძლია მიიღოს ყველა მომსახურება, რომელიც შეიძლება მას სტომატოლოგიურმა ცენტრმა შესთავაზოს – მცირეტრავმული კბილის მკურნალობით დაწყებული და დამთავრებული ისეთი რთული ოპერაციებით, როგორიც არის ვთქვათ, კბილის იმპლანტაცია. გვყვანან პროფესიონალი ყბა-სახის ქირურგები, ასევე, მოწვეული ქირურგები. რთულ შემთხვევებში მკურნალობის თანამიმდევრობა და მეთოდები თანამედროვე კვლევების ჩატარების შემდეგ, სხვადასხვა პროფილის ექიმი სტომატოლოგების გადაწყვეტილების შედეგად იგეგმება. ვცდილობთ, ჩვენს ყოველ პაციენტს მაღალი დონის მომსახურება გავუწიოთ, ამის მიუხედავად, მომსახურების ტარიფები საკმაოდ ზომიერი და საშუალო ფენისთვის ხელმისაწვდომია. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ჯერ ფეხი ვერ მოიკიდა დაავადების საწყის ეტაპზე გამოვლენის და პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარების კულტურამ, ამიტომ, ჩვენთან ძირითადად უკვე დაავადებების გართულებული ფორმებით მოდიან ხოლმე. არადა, თუ კბილის ჰიგიენას ყოველდღიურად დაიცავენ, პაციენტები უამრავ პრობლემას აიცილებენ.

– ქეთი, რა ფაქტორები განაპირობებს კბილების დაზიანებას?

– ძირითადი ფაქტორია კარიესის გამომწვევი საკვების არარეჟიმირებული მიღება. ეს განსაუთრებით ბავშვებშია შესამჩნევი, ვინაიდან ისინი ტკბილს, ანუ ნახშირწყლებით მდიდარ საკვებს ეტანებიან. საზოგადოებამ ამის შესახებ ნაკლებად იცის, თუმცა კბილებს აზიანებს ყავის ხშირად დალევა, ასევე სიგარეტის, გაზიანი და ალკოჰოლური სასმელების უკონტროლო მოხმარებაც, რადგან ისინი აფერხებენ პირის ღრუში ნერწყვის გამოყოფას.

– ნერწყვი რა შუაშია კბილთან?

– კბილებში ჩარჩენილი საკვები ნაშთები პირის ღრუში მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევას განაპირობესბს. მატულობს მჟავიანობა, რაც ნერწყვის საშუალებით ნეიტრალდება. მჟავა-ტუტოვანი ბალანსი შკალის საშუალებით იზომება, რომელიც 1-დან 14-მდეა. ნორმალურ, მისაღებ მაჩვენებლად ითვლება 7 და პაციენტი ამ მაჩვენებელს თუ პერიოდულად გააკონტროლებს, შემდგომ გართულებებს თავიდან იოლად აიცილებს. კბილების პროფილაქტიკის არსი იმაში მდგომარეობს, რომ პაციენტი წელიწადში ორჯერ ესტუმროს სტომატოლოგს, რათა კბილების პროფესიული ჰიგიენური წმენდა ჩაიტაროს.

– რას ნიშნავს პროფესიული წმენდა?

– ნივთიერებათა ცვლის პროცესის შედეგად ორგანიზმში სხვადასხვა მინერალები გროვდება, რომელიც კბილებზე ილექება და ქვებს და ნადებს წარმოქმნის, ასევე ცვლის კბილის შეფერილობას. ქვები სხვადასხვა სტრუქტურის და შემადგენლობისაა, ისინი გარდა იმისა, რომ კბილის მინანქარს აზიანებენ, უშუალო კომპრესიას ახდენენ ღრძილზე, იწვევენ კბილების ფესვების გაშიშვლებას, ყელის კარიესებს, ეროზიებს, მაგარი ქსოვილების ღრმა კარიესულ დაზიანებებს და სხვა პათოლოგიებს. “პროფესიული წმენდა” – აუცილებელი ჰიგიენური პროცედურაა, რომელიც გულისხმობს სპეციალური მიკრობგერის ეფექტით მოქმედი აპარატით – ულტრასტომით – ამ ქვების და ნადებების მოშორებას, რისი ჩატარებაც სახლის პირობებში შეუძლებელი და გამორიცხულია. აქამდე ქვების და ნადებების მოშორება მხოლოდ რეკომენდებული იყო, თუმცა ახალი სტანდარტებით აუცილებელი გახდა და პაციენტს, რომელსაც სურს კბილები ხანგრძლივად შეინარჩუნოს, ეს პროცედურა წელიწადში ორჯერ აუცილებლად უნდა ჩაიტაროს! ამას გარდა არსებობს მრავალი რეკომენდაცია, რომელიც ადამიანმა ყოველდღიურად უნდა გაითვალისწინოს.

– მაინც რა გაქვთ მხედველობაში?

– მაგალითად, საზოგადოებამ აქამდე იცოდა, რომ ჯაგრისი, რითაც კბილებს იხეხავს – ყოველ 2-3 თვეში ახლით უნდა შეეცვალა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჯაგრისის კიდეები ამ ვადაში იმდენად ზიანდება, გაწმენდის ნაცვლად შეიძლება ღრძილის მექანიკური დაზიანება გამოიწვიოს, რასაც შემდეგ დიდ ტრავმებამდე მივყავართ, თანაც, არასრულად გაწმენდის გამო იმ რაოდენობით მიკრობები და ბაქტერიები გროვდება, რომელიც სტერილიზაციას აღარ ექვემდებარება. ამიტომ, უახლესი სტანდარტებით განსაზღვრულია, რომ კბილის ჯაგრისი თვეში ერთხელ უნდა შევცვალოთ!

– როგორ უნდა შევარჩიოთ კბილის ჯაგრისი?

– კბილის ჯაგრისი აუცილებლად ინდივიდუალურად და სტომატოლოგის მიერ უნდა შეირჩეს. ჯაგრისის 3 კატეგორია არსებობს: რბილი, საშუალო და მაგარი სიხისტის ჯაგრისები. პრობლემური ღრძილების შემთხვევაში რბილი ჯაგრისი უნდა დაინიშნოს, განკურნების შემდეგ კი პაციენტი მედიუმ სიხშირის ჯაგრისზე გადავიდეს.კბილის გასაწმენდად საკმარისი არ არის მხოლოდ ჯაგრისის გამოყენება, რომელიც კბილის ზედაპირზე არსებული ნადებების მხოლოდ 60 %-ს გვაშორებს. დანარჩენი 40 % სპეციალური ძაფების – ფლოსების საშუალებით უნდა მოვიცილოთ. ამ ფლოსებს კბილებს შორის სივრცის და ღრძილების დაზიანების გათვალისწინებით სტომატოლოგი ინდივიდუალურად შეგირჩევთ. ახალი სტანდარტებით, კბილების ყოველდღიურად სრულყოფილად გასაწმენდად ფლოსების გამოყენება აუცილებელია. მათ შეძენა აფთიაქშია შესაძლებელი. არა მხოლოდ ჯაგრისი, არამედ კბილის პასტაც სტომატოლოგმა თქვენი პრობლემის შესაბამისად ინდივიდუალურად უნდაშეგირჩიოთ. არსებობს ანტიკარიესული, სხვადასხვაგვარი მინანქრის, ასევე ღრძილების სამკურნალო, მომატებული მგრძნობელობის დროს გამოსაყენებელი, სხვადასხვა დანამატებით გაჯერებული პროფილაქტიკური პასტები. აუცილებელია იმის ცოდნაც, თუ რა რაოდენობით პასტა უნდა გადმოვიტანოთ ჯაგრისზე – დიდი რაოდენობა სულაც არ არის საჭირო. სხვადასხვა დანამატით გაჯერებული კბილის პასტები არსებობს. არ არის რეკომენდებული დიდი ხნის განმავლობაში ერთი დასახელების პასტის გამოყენება. რაც არ უნდა კარგი წარმოების და შემცველობის პასტას ვიყენებდეთ, როცა პრობლემა, რის გამოც იგი სტომატოლოგმა დაგვინიშნა – ამოიწურება, სხვა დანიშნულების კბილის პასტაზე უნდა გადავიდეთ. კბილის პასტის ყიდვის დროს უნდა დავაკვირდეთ მის ნიშნულს, რამდენად ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია და რა ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს იგი. სამწუხაროდ, დამაკმაყოფილებელ ნაწარმს ბაზრობებზე იშვიათად წავაწყდებით, ამიტომ უმჯობესია ექიმისგან რეკომენდებული კბილის პასტა სამედიცინო დაწესებულებებში შევიძინოთ.

– კბილების გახეხვას რა თავისებურებები ახასიათებს?

– კარგი იქნება, თუ აბაზანაში, გვექნება საათი, რადგან კბილების გამოხეხვას ადამიანმა მინიმუმ 3 წუთი უნდა დაუთმოს! ეს მთელი რიტუალია. გახეხვას ვიწყებთ ლოყისკენა კბილების ზედაპირებით და გაღებული პირის მდგომარეობაში ჯაგრისს ვამოძრავებთ ზედა ყბაზე – ზემოდან ქვემოთ, ხოლო ქვედა ყბაზე – ქვემოდან ზემოთ, ანუ კბილის ძირიდან მწვერვალის მიმართულებით. შემდეგ კი გადავდივართ ჯაგრისის წრიულ მოძრაობაზე. ამის მერე სათითაოდ ყველა კბილის საზღვართან, კბილთაშუა სივრცეებში ვატარებთ ფლოსებს.

– ამგვარი პროცედურით დღეში რამდენჯერ უნდა გავიწმინდოთ კბილები?

– დღეში ორჯერ. პირველად – გაღვიძებისთანავე. ზოგს მიაჩნია, რომ ჭამის შემდეგაც უნდა გაიწმინდოს, რაც დიდი შეცდომაა, რადგან ჭამის შემდეგ წარმოქმნილი მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის განეიტრალება ძალზე მავნებელია. სჯობს, ჭამის შემდეგ წყალი გამოვივლოთ და მხოლოდ საკვების მიღებიდან 20-30 წუთში გავიხეხოთ კბილები. დღეში ორზე მეტად კბილების გახეხვის აუცილებლობა არ არსებობს, დანარჩენ შემთხვევაში საკმარისია მხოლოდ წყლის გამოვლება, თუმცა, თუ რაიმე პათოლოგია არ გვაქვს, კბილის ხშირად გახეხვა არც დაგვაზარალებს. მინანქარი არაჩვეულებრივი ქსოვილია, რომელიც ასე ადვილად არ დაზიანდება.

– ზოგი კბილებს სოდით და მარილით იხეხავს… ესეც არ არის საშიში?

– ზოგადად, ორგანიზმს უნდა ვუსმინოთ. კარგია სოდა, მარილი და ლიმონი, როგორც კბილის გამათეთრებელი საშუალება, მაგრამ ზომიერება უნდა დავიცვათ. მრავალი პაციენტი მინახავს, ვისაც ამ საშუალებით ღრძილები დასწვია, ამიტომ ასეთ მეთოდებს უნდა მოერიდონ ღრძილებთან დაკავშირებით პრობლემების მქონე პირები. სხვა შემთხვევაში კარგია, თუ სოდაში სევურევთ ლიმონის რამდენიმე წვეთს და ამ მასით ფაქიზად გავიხეხავთ კბილებს ისე, რომ ღრძილებს ნაკლებად შევეხოთ. ღრძილების დაზიანებას ზოგი არაფრად აგდებს, მაგრამ ამან სეიძლება ღრძილების ანტებამდე – პარადონტოზამდე მიგვიყვანოს, რაც საბოლოოდ კბილების მორყევას და დაკარგვას გამოიწვევს. პაროდონტოზი ბოლო დროს გაახალგაზრდავდა. მისი პროფილაქტიკა სტომატოლოგთან ხშირ კონტაქტზეა დამოკიდებული.

– ადამიანებს ხშირად აწუხებთ პირის ღრუდან ამომავალი სპეციფიური სუნი. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს?

– თუ კუჭ-ნაწლავის პათოლოგიის შედეგი არ არის, პირში უსიამოვნო სუნი შეიძლება განპირობებულ იყოს არასრულფასოვანი ჰიგიენით ან ღრძილების პრობლემებით, ღრძილებში სისხლის შეგუბების ან სისხლდენის მიზეზით. პრობლემის გადაჭრაში გადამწყვეტ როლს თამაშობს კბილების სწორად დასუფთავება, ქვების და ნადებების მოცილება, დამატებით კი – სავლებების გამოყენება. საერთოდ, ჯობს თითოეულ ადამიანს ჰყავდეს საგანგებოდ შერჩეული საკუთარი სტომატოლოგი, რომელიც მისი პირის ღრუს პრობლემებს კარგად იცნობს და შესაბამისი რჩევებით თუ სამედიცინო დახმარებითაც უზრუნველყოფს.

– ჩვენ ვისაუბრეთ ნახშირწყლებით მდიდარ საკვებზე, რაც კბილების დაზიანებას განაპირობებს… მაგრამ, როგორი საკვები მოქმედებს კბილების ჯანმრთელად შენარჩუნებაზე დადებითად?

– კბილის სიმყარეს ხელს უწყობს ბოსტნეული და ხილი. რაც შეიძლება მეტი რაოდენობით ცოცხალი პროდუქტი! ამ პროდუქტებს ორმაგი დანიშნულება აქვთ – იმის გარდა, რომ ადვილად მოსანელებელია, ასეთი კვებით კბილების თვითწმენდა ხდება. კალციუმი მხოლოდ მისი ნაკლებობის შემთხვევაში ინიშნება. იგიგანსაკუთრებით ბავშვებს სჭირდებათ. კბილის მოვლის მეთოდებს ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ კარგია, თუ ჭამის შემდეგ 15-20 წუთის განმავლობაში ბუნებრივი დამატკბობელით გამდიდრებულ საღეჭ რეზინს დავღეჭავთ.

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: “ასავალ-დასავალი”

DentalMedi

სტომატოლოგიური ცენტრი “დენტალმედი” გამოცდილი და სერტიფიცირებული სპეციალისტებით დაკომპლექტებული სტომატოლოგიური დაწესებულებაა! უმაღლესი სტანდარტი ჩვენს კლინიკაში პრიორიტეტულია, ამიტომ აპარატურას, მასალას, პრეპარატებს და კვალიფიციურ კადრებს ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება ექცევა!
ნავიგაციის დამალვა